მონობიდან თავისუფლებამდე

კენწერო

19 მაისი, 2021

მონობიდან თავისუფლებამდე

მონობიდან თავისუფლებამდე

„ნებისმიერ დროს, როდესაც მე ვიყავი მონა, ერთ წუთიან თავისუფლებას თუ შემომთავაზებდნენ სიცოცხლის სანაცვლოდ და მე მეცოდინებოდა, რომ თავისუფლების ამ წუთის დასასრულს მოვკვდებოდი, მე მივიღებდი ამ შეთავაზებას - მხოლოდ იმისთვის, რომ ღმერთის წინაშე ვმდგარიყავი, როგორც თავისუფალი ქალი.“                                                                                      

ელიზაბეტ ფრიმენი

ყველა მოქალაქის ვალია იყოს სამოქალაქო აქტივისტი იმ დოზით, რამდენადაც მას ეს შეუძლია. სამოქალაქო აქტივიზმი შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც „მოქალაქეთა ჩართულობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში“. ქართული საზოგადოების ნაწილი სამოქალაქო აქტივიზმს იმედგაცრუებული უყურებს, ზოგიერთს ვერც კი  წარმოუდგენია შედეგი, რომელიც შესაძლოა ერთი ადამიანის ქმედებას მოჰყვეს. წინამდებარე სტატია სწორედ იმ პიროვნებას მიეძღვნება, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა, თუ რამხელა ძალის მატარებლები ვართ და როგორ შეუძლია გარდამტეხი ცვლილებების მოხდენა ერთ „უბრალო“ მოკვდავს.

ერთ-ერთი პირველი აფრო-ამერიკელი მონა, რომელმაც სასამართლოს გზით მოიპოვა თავისუფლება მასაჩუსეტში ელიზაბეტ ფრიმენია. ის წერა-კითხვის უცოდინარი გახლდათ, ამიტომაც მის შესახებ მხოლოდ მისი თანამედროვეებისა და ისტორიული ჩანაწერებისგან ვიგებთ, თუმცაღა ვიცით მთავარი - მისი წყალობით მონობა მასაჩუსეტში საბოლოოდ დასრულდა . 

ელიზაბეტი 1744 წელს დაიბადა ნიუ-იორკში. მისმა მფლობელმა, პიტერ ჰოუჯბუმმა, ის და მისი და თავისი ქალიშვილის ოჯახში, ჰანასთან, მასაჩუსეტში შინა მოსამსახურეებად გააგზავნა. როგორც ირკვევა, მათ მძიმე ფიზიკური შრომა უწევდათ. ჰანა დაქორწინებული იყო  ძალიან გავლენიან პოლიტიკურ ფიგურაზე, მოსამართლე ჯონ ეშლიზე. სწორედ მასთან იყრიდა თავს დასავლეთ მასაჩუსეტსის ყველა ავტორიტეტი. სავარაუდოდ, მის ოჯახშივე მოეწერა ხელი შეფილდის დეკლარაციას, რომელიც 3 წლით უსწრებდა დამოუკიდებლობის დეკლარაციას.

ფრიმენს მრავალი შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა საუბრები თავისუფლებასა და თანასწორობაზე. 1780 წელს კი  ფრიმენმა მოისმინა ახლად რატიფიცირებული მასაჩუსეტსის კონსტიტუციის პირველი მუხლი საჯარო შეკრებაზე, რომელიც ამბობს, რომ „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი“. ეს დოკუმენტი იურიდიული ძალის მქონე გახლდათ. მასაჩუსეტსის კანონები მას უნდა დაქვემდებარებოდა. 

ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ელიზაბეტმა დახმარება ახალგაზრდა იურისტ თეოდორ სედუიკს სთხოვა, რომელიც ჯონ ეშლის ხშირი სტუმარი და მონობის გაუქმების მხარდამჭერი გახლდათ. სედუიკმა ელიზაბეტის სახელით სარჩელი აღძრა, ამავდროულად საქმეში მონობაში მყოფი მამაკაცი, სახელად ბრომიც, ჩართო. ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი ელიზაბეტის სქესი გახდა. სასამართლო პროცესზე ჯონ ეშლის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ კონსტიტუციის ამოქმედებამდე ელიზაბეტი და ბრუმი ჯონის საკუთრებას წარმოადგენდნენ, თუმცა მასაჩუსეტსის უზენაესი სასამართლო მოსარჩელეებს მიემხრო, იმ არგუმენტით, რომ კონსტიტუციის ამ ჩანაწერის მიხედვით, ისინი დაბადებიდანვე  სულ თავისუფლები იყვნენ. ამრიგად, ელიზაბეტ ფრიმენი  გახდა პირველი აფრო-ამერიკელი ქალი, რომელიც მასაჩუსეტსის სახელმწიფო კონსტიტუციით გათავისუფლდა. რა თქმა უნდა, ამ პრეცედენტის წყალობით  ეს შანსი სხვა მონებმაც გამოიყენეს.

გამარჯვებულ ელიზაბეტს ჯონ ეშლიმ ხელფასის სანაცვლოდ დარჩენა სთხოვა, თუმცა ელიზაბეტმა სედუიკის ოჯახში მსახურობა ამჯობინა და მოგვიანებით სტოკბრიჯში სახლიც კი შეიძინა. ელიზაბეტის შესახებ უმეტეს ცნობებს სწორედ თეოდორის შვილის, კატერინა სედუიკის, წიგნიდან ვიგებთ, რომელიც მან 1853 წელს გამოაქვეყნა სახელით „მონობა ახალ ინგლისში“.

ეს ამბავი კეთილ ზღაპარს მოგვაგონებს. ამ ამბიდან ირკვევა, რომ მონობაში მყოფმა ადამიანმა  მშვიდობიანი გზით მოიპოვა თავისუფლება. ჩვენ, საბედნიეროდ, იმაზე ბევრად მეტი შესაძლებლობა გავქვს, ვიდრე ეს ელიზაბეტს ჰქონდა, რაც კი იმაში გვარწმუნებს, რომ ყველას შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში და დიდი მონდომების წყალობით გავიმარჯვოთ უსამართლობაზე.

 „ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ჰგონია, მაგრამ აქამდე ვერ უპოვია საბრალოს თავი“, - ოთარ ჭილაძე.