როგორ ხარჯავს ლიდერი თავის დროს

კენწერო

11 აგვისტო, 2022

როგორ ხარჯავს ლიდერი თავის დროს

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ პერსონალური განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო გზა, არის ისწავლო იმ ადამიანებისგან და მოახდინო მათი ქცევების მოდელირება, რომელთა ქმედებებითაც აღფრთოვანებული ხარ ან მიაღწიეს წარმატებას. ასე რომ, თუ გსურს იყო წარმატებული ლიდერი, გააკეთეთ ისე, როგორც ცნობილი ლიდერები აკეთებენ.

აქ არის წარმოდგენილი რამდენიმე რჩევა, რომელიც გამომდინარეობს წარმატებული ლიდერების ცხოვრებიდან და შეგვიძლია მივიჩნიოთ როგორც სამაგალითო ქცევა.

გაიღვიძე დროულად

ადექით ადრიანად! ლიდერების უმეტესობა სამუშაო დღეს იწყებს დილის 6:15 საათზე. შეიძლება ეს რთულია, მაგრამ თუ ნამდვილად გსურს ცვლილებების დაწყება, სცადე ადრიანად გაღვიძება. დილის საათები, როგორც წესი, ყურადღების კონცენტრირების საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შრომისუნარიანობაზე.

მაგალითად ამერიკაში საავტომობილო რეკლამის პროვაიდერები ხარჯავენ მილიონებს, რათა მიაღწიონ სამიზნე აუდიტორიას. დილის საათებში რეკლამები უფრო გათვლილია ძვირადღირებული და მაღალი კლასის მანქანების გაყიდვაზე, ვიდრე დღის სხვა მონაკვეთში. ასე რომ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფინანსურად წარმატებული ადამიანების უმეტესობა დღეს იწყებს ადრიანად და გვირჩევს, რომ თქვენც ესე გააკეთოთ.

ივარჯიშე

როგორც ცნობილია ვარჯიში ახდენს წონის კორექციას, აუმჯობესებს განწყობას და ზრდის ჩვენს ენერგიულობას. ვარჯიში ასევე ხელს უწყობს სისხლის სწრაფ მიმოქცევას ჩვენს ორგანიზმში.

თუ ფიქრობთ, რომ ვარჯიშისთვის დრო არ გაქვთ, გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ლიდერების უმეტესობა (ძალიან დაკავებული და წარმატებული) დღეში 45 წუთს ვარჯიშობს. თუ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, განა თქვენ ვერ შეძლებთ 45 წუთიან აქტივობას, რომელიც დადებით ენერგიას შემატებს ჩვენს ცხოვრებას. თუ 45 წუთი არ გაქვთ, 30 წუთში მაინც გამონახეთ. გამოცდილი ადამიანები ჩვეულებრივ რეკომენდაციას უწევენ 30 წუთს ან მეტს, რომ ვარჯიში ეფექტური იყოს.

იმგზავრე

როგორც წესი სამუშაოზე წასასვლელად ადამიანების უმეტესობა მგზავრობს.  მიუხედავად იმისა, რომ პანდემიიდან გამომდინარე ბევრი ადამიანი მუშაობს დისტანციურად და დამსაქმებლები უფრო მოქნილები ხდებიან ამ მდგომარეობით, მგზავრობა მაინც უწევს ადამიანების უმრავლესობას.

ლიდერები საშუალოდ 25 წუთს ხარჯავენ, ერთი მიმართულებით მგზავრობისთვის. მაგრამ, ისინი ამ დროს ფუჭად არ კარგავენ. თუ ეს შესაძლებელია, ისინი ცდილობენ იყვნენ პროდუქტიულები. ამიტომ ეცადეთ თქვენც ეფექტურად გამოიყენეთ ეს დრო! თუ თქვენ მართავთ მანქანას, მოუსმინეთ აუდიო წიგნებს, ახალ ამბებს ან განახორციელეთ აუცილებელი სატელეფონო ზარები (რა თქმა უნდა, უსაფრთხო ტექნიკური საშუალებების გამოყენებით). თუ ავტობუსით, მატარებლით ან მეტროთი მგზავრობთ, დაკავდით კითხვით ან უპასუხეთ ელ. წერილებს. მცირე ტაქტიკური ამოცანების შესრულება და მგზავრობისას თქვენი დროის მაქსიმალურად გამოყენება დაგეხმარებათ გამოათავისუფლოთ ძვირფასი წუთები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ დღის შემდეგ.

ელ.ფოსტა და ტექსტური შეტყობინებები

ლიდერები საშუალოდ 2 საათსა და 25 წუთს უთმობენ ელ. წერილებსა და ტექსტური შეტყობინებებს. ელექტრონული ფოსტა და ტექსტური შეტყობინებები კომუნიკაციის ყველაზე ხშირად გამოყენებული ფორმებია, თუმცა სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა საშუალოზე მეტს დროს ანდომებდეთ მათ მოხმარებას. ეს სავსებით მისაღებია, მანამ სანამ ის პროდუქტიულია.

მართეთ ელ.ფოსტითა და ტექსტური შეტყობინებით სარგებლობის დრო შემდეგი სტრატეგიების გამოყენებით:

  • დაგეგმეთ ელ.ფოსტითა და ტექსტური შეტყობინებით სარგებლობის დრო.  განსაზღვრეთ კონკრეტული დრო/დროის ინტერვალები ელ.ფოსტისა და ტექსტური შეტყობინებების გასაცნობად და დაიცავით ეს განრიგი. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დაუშვათ გამონაკლისი გარდაუვალ სიტუაციებში, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში შეტყობინებები შეიძლება დააყოვნოთ.
  • შეზღუდეთ თქვენი დრო. დროის დაგეგმვასთან ერთად, დარწმუნდით, რომ შეზღუდავთ ამ აქტივობებისთვის დახარჯულ დროს.
  • უპასუხეთ ელ. წერილებს/შეტყობინებებს მოკლედ. იყავით მკაფიო და ლაკონური. ეს არა მხოლოდ დაგეხმარებათ შეამციროთ დახარჯული დრო, არამედ დაზოგავს მიმღების დროსაც.
  • ისარგებლეთ სატელეფონო ზარით. თუ ელფოსტაზე ან ტექსტური შეტყობინებაში ვრცელი ინფორმაცია წარმოდგენილი და საჭიროებს დეტალურ პასუხს ან მეტ განმარტებას, მიწერის ნაცვლად დაურეკეთ ადრესატს ტელეფონით.

სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

ლიდერების უმეტესობა დღეში საშუალოდ 25 წუთს ხარჯავს სტრატეგიის განსაზღვრასა და დაგეგმვაზე. სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე სტრატეგიის შემუშავების პროცესი ხანდახან მეტხანსაც გრძელდება. თუმცა, დღის განმავლობაში ნებისმიერი დროის გამოყოფა სტრატეგიასა ან გრძელვადიან დაგეგმვაზე ფოკუსირებისთვის მნიშვნელოვანია.

კვლევები ცხადყოფს, რომ თუ თქვენ დახარჯავთ 15 წუთს ან მეტს ერთ დღეში ამ მიმართულებით, ეს მოგცემთ სხვებთან შედარებით უფრო მეტ სტრატეგიულ უპირატესობას.

მნიშვნელოვანი შეხვედრები და კონფერენციები

შეხვედრები სასარგებლო და საჭიროა, მაგრამ ის აუცილებლად პროდუქტიული უნდა იყოს. არ მოაწყოთ შეხვედრა მხოლოდ შეხვედრისთვის. არ დაგავიწყდეთ, რომ ვიდეო ზარი არის ვირტუალური შეხვედრა, ამიტომ იგივე წესები მოქმედებს. გახადეთ ისინი პროდუქტიული და შინაარსიანი. ბოლოს და ბოლოს, დღეში 2:44 საათი, რომელსაც საშუალოდ ლიდერი ატარებს შეხვედრებზე, არ უნდა დაიხარჯოს ფუჭად.

თანამშრომლობა

სტრატეგიული ლიდერის 10 თვისებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის თანამშრომლობა. ეს ბევრი ლიდერისთვის ჭეშმარიტებაა, რადგან მათი უმეტესობა დღეში მხოლოდ 1 საათსა და 45 წუთს ხარჯავს საკუთარ პირად ამოცანებსა და პროექტებზე. სამუშაო საათების დარჩენილ ნაწილს კი ატარებენ სხვა ადამიანებთან ან გუნდის წევრებთან ერთად მუშაობაში. ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სტრატეგია არის გუნდური ძალისხმევა და რომ ეფექტური ლიდერი დროის უმეტეს ნაწილს ხარჯავს სხვებთან ერთად მუშაობასა და მათ მხარდაჭერაზე.

პირადი დრო

მნიშვნელოვანია, რომ ლიდერმა ყოველდღიურად გარკვეული დრო გამოყოს საკუთარი თავისთვის. საშუალოდ ლიდერი დღეში 30 წუთს ხარჯავს პერსონალური და პირადი განვითარებისთვის. სასურველია ეს დრო იყოს უფრო მეტი - ერთ საათი მაინც, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დრო შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, არსებული უნარების გაუმჯობესებასა და ახალი უნარების შეძენაზე დახარჯული დრო არასოდეს არის ფუჭად დაკარგული. ეს არის კიდევ ერთი კრიტიკული ქმედება, რომლის განხორციელებაც შეგიძლიათ წარმატებული ლიდერის ქცევის მოდელირებისას.

* ბლოგში წარმოდგენილი მიგნებები ეყრდნობა ამერიკული ორგანიზაცია "მენეჯმენტისა და ორგანიზაციული ეფექტიანობის ცენტრის" (CMOE) მიერ ჩატარებულ კვლევას.