გამარჯობა, მე მქვია გიორგი და მე პროკრასტინატორი ვარ.
იმედია, ყოფილი, თუმცა რავი, ყოფილი „კაგებეშნიკი“ თუ არ არსებობს...
პროკრასტინაცია საქმის უმიზეზოდ გადადებას ნიშნავს. მდგომარეობას, როდესაც თავს ვერაფერს აბამ. დედლაინი გიახლოვდება, შენ კი დაუსრულებლად ფეისბუქს სქროლავ ან იუთუბზე ათასჯერ ნანახ ვიდეოს ათასმეერთედ უყურებ.
პროკრასტინატორთა ანონიმური კლუბი ალბათ არ არსებობს, ეგენი შეკრებას თავს ვერ მოაბამდნენ.
პროკრასტინატორი ვერაფერს აკეთებს დროულად, ხშირად ხელს იქნევს და თავს ანებებს დასახულ მიზანსა და საქმეს. ოღონდ არ შეცდეთ, პროკრასტინატორის ცხოვრება უდარდელი და მარტივი არ გეგონოთ, ეს მდგომარეობა ქრონიკული ტანჯვაა. ტანჯვის მიზეზი კი ერთია - სინდისი. საშინელი რამეა, გემრიელად უსაქმურობაში ხელს გიშლის.
წარმოიდგინეთ, დილით პრეზენტაცია გაქვთ, ღამის 12-ია და ცხადია, ვერ ასწრებთ. გადაწყვიტეთ, ღამე გაათენოთ და უცებ მოდუნდით, მოეშვით ... სად მეჩქარება? წინ ხომ კიდევ 12 საათია... და „სიმფსონების“ ყურებას იწყებთ. თუ თქვენთვის ოდნავ მაინც ნაცნობი სიტუაციაა, კლასიკური პროკრასტინატორი ხართ.
უნივერსალური გამოსავალი არ არსებობს. ერთადერთი, აღიარებაა. მაგის გარეშე არ გამოვა. და კიდევ - ერთ დღეში ეს ამბავი არ მოგვარდება. „ახლა თავს ხელში ავიყვან და 2 წუთში ვიზამ“ ტყუილია, ეგრე არ ხდება.
ადრე ყველგან ვიგვიანებდი. ყოველთვის. მერე ნელ-ნელა გადავეჩვიე. როგორ? წესიერად თვითონაც ვერ შევამჩნიე . ერთხელ დათქმულ დროს მიდიხარ სადმე და გსიამოვნებს. მერე ნელ-ნელა მეგობრებიც ვეღარ გეღადავებიან ამ თემაზე და ეგ უკვე სიამოვნების სხვა ხარისხია.
პრინციპული მნიშვნელობა აქვს არჩევანს. რაღაც გადაწყვიტო და გააკეთო, უბრალოდ დინებას არ მიჰყვე. ჩემთვის სტანდარტული მაგალითი - სტატია გაქვს სათარგმნი და ძალიან გეზარება. ამავდროულად, ფილმის ყურებაც გინდა. იმის ნაცვლად, რომ არჩევანი გააკეთო, დრო გაგყავს ვიდეოების და პოსტების სქროლვაში, საბოლოო ჯამში კი ვერაფერს აბამ თავს. არც ის გააკეთე, რაც საჭირო იყო, ვერც ის მიიღე, რაც გინდოდა - სტატიაც უთარგმნელია და ფილმიც უნახავი.
ცოტა ფართოდ რომ შევხედოთ, პროკრასტინაციას მხოლოდ მავნე ჩვევას არ ვუწოდებდი, ზოგიერთისთვის ის ცხოვრების სტილია. ჩვენს გარშემო არაერთ ადამიანს აქვს ჰიპოთეტური მომავალი, სადაც ისინი ბევრ საინტერესო საქმეს აკეთებენ, მაგალითად, კითხულობენ ლიტერატურას ან სწავლობენ რომელიმე ხელობას. ოღონდ ეს „მომავალი“ არასდროს დგება. იუთუბზე რომ არის , Watch Later, ბევრის ცხოვრება სწორედ ეგ არის. Living in Future paradise - სტივი უანდერის მიერ დასმული სასტიკი დიაგნოზი. ბავშვობაში ხომ ამბობდით - როცა გავიზრდები, „ამას ვიზამ“„ის გამოვალ“... ბევრი, ზრდასრულობაშიც ვერ სცდება ამ ფორმულას და მათი მთელი ცხოვრება იქცევა ერთ დიდ „როცა გავიზრდები“-თ, ერთ დღესაც იღვიძებ, უკვე 40-ის ხარ და არაფერი გაქვს გაკეთებული. ჩაიჭერი.
ეს უკვე სხვანაირი პროკრასტინაციაა, უფრო საშინელი და ხშირად არაცნობიერი. ყარაბახის პონტშია, არაღიარებული.