- ევროკავშირს აქვს საკუთარი დროშა - ლურჯ ფონზე წრიულად განლაგებული 12 ხუთ ქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი
არსებობს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დროშაზე გამოსახული 12 ვარსკვლავი გამოხატავს ევროკავშირში გაწევრიანებული პირველი თორმეტი ქვეყნის სიმბოლოს, მაგრამ სინამდვილეში ვარსკვლავების რაოდენობას არავითარი კავშირი არ აქვს გაერთიანების წევრთა რიცხვთან. წრე წარმოადგენს ევროპის ხალხების სიმბოლოს და მათი ერთობის გამოხატულებაა. წრიულად განლაგებული ვარსკვლავები სრულყოფილებას და სისრულეს აღნიშნავს, ხოლო რიცხვი 12 ტრადიციულია ევროპული კულტურისა და ცივილიზაციისათვის, რომელიც ზოდიაქოს 12 ნიშანს; წლის 12 თვეს; დღის 12 საათს; ქრისტეს 12 მოციქულს, იაკობის 12 შვილს და ა. შ. მოგვაგონებს.
- ევროკავშირს აქვს დევიზი - „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“
აღნიშნული დევიზი შეირჩა 2000 წელს ჩატარებული არაოფიციალური სასკოლო კონკურსის შედეგად და მიღებულ იქნა ნიკოლ ფონტენის მიერ, რომელიც იმ დროს ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი იყო. დევიზი მიუთითებს იმაზე, თუ როგორ გაერთიანდნენ ევროპელები, ევროკავშირის სახით, რათა უზრუნველყონ მშვიდობა და კეთილდღეობა და ამავდროულად გახდნენ უფრო მრავალფეროვანნი კონტინენტის მრავალი განსხვავებული კულტურით, ტრადიციით და ენით. ევროკავშირს ასევე აქვს საკუთარი ჰიმნი "სიხარულის ოდა", ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის "მეცხრე სიმფონიიდან", რომელიც შეიქმნა ჯერ კიდევ 1823 წელს.
- ევროკავშირში 24 ოფიციალური ენაა
ევროკავშირი ხასიათდება თავისი კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნებით და შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნების სალაპარაკო ენები მისი კულტურული მემკვიდრეობის არსებითი ნაწილია. ყოველ ჯერზე, როცა ახალი წევრი უერთდება ევროკავშირს, მისი ენა ემატება ევროკავშირის ოფიციალური ენების რაოდენობას.
ზოგადად ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი პრინციპია მულტილინგვიზმი. ყველაზე ხშირად გამოიყენება ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენები. სხვა ენებს მიეკუთვნება ბულგარული, ხორვატული, ჩეხური, დანიური, ჰოლანდიური, ესტონური, ფინური, ბერძნული, უნგრული, ირლანდიური, ლატვიური, ლიტვური, მალტური, პოლონური, პორტუგალიური, რუმინული, სლოვაკური, სლოვენური, ესპანური და შვედური.
ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ ენების გამოყენების წესი დადგენილია ევროპული საბჭოს მიერ №1 რეგლამენტით, სადაც ნათქვამია, რომ ინსტიტუტებს აქვთ 24 ოფიციალური და სამუშაო ენა. ევროპარლამენტის დებატები, სესიები და კონფერენციები, ასევე ოფიციალური ჩანაწერები და დოკუმენტები ითარგმნება ყველა ამ ენაზე. აქედან გამომდინარე ითვლება, რომ ევროპარლამენტი თარჯიმნების ყველაზე დიდი დამსაქმებელია მსოფლიოში 350 მუდმივი თარჯიმანით, რომლებსაც პიკის პერიოდში უერთდება დაახლოებით 400 თავისუფალი თარჯიმანი.
- ევროკავშირში ოფიციალური ვალუტა ევროა, მაგრამ ყველა ქვეყანას არ მიუღია იგი
ევრო, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან მხოლოდ 19-ის ოფიციალური ვალუტაა. სახელმწიფოთა ეს ჯგუფი ცნობილია როგორც ევროზონა და მოიცავს დაახლოებით 343 მილიონ მოქალაქეს. ევროკავშირის ყველა ქვეყანას აქვს უფლება შეუერთდეს ევროზონას იმ შემთხვევაში თუ ისინი პასუხობენ გარკვეულ მონეტარულ მოთხოვნებს, ევროს გამოყენება ვალდებულებაა ევროკავშირის ყველა ახალი წევრისთვისაც.
ევრო არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ვალუტა. იგი მიეკუთვნება ე.წ. კოლექტიური ვალუტების სახეობას. მისი შემოღების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 1992 წლის 7 თებერვალს მაასტრიხტის ხელშეკრულებით. ეს თარიღი ითვლება ევროს დაბადების დღედ.
ევრო მსოფლიო სავაჭრო ბაზრებზე მიმოქცევაში შემოვიდა 1999 წლის 1 იანვარს. პირველ პერიოდში იგი გამოიყენებოდა უნაღდო ანგარიშსწორებისთვის, ხოლო 2002 წლის 1 იანვრიდან ევრო გახდა ნაღდი ანგარიშსწორების საშუალება. ევროზე სრული გადასვლა მოხდა 2002 წლის 1 ივნისიდან.
- ევროკავშირის წევრობა ნებაყოფლობითია
ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 50-ე მუხლის თანახმად, ევროკავშირიდან გასვლის უფლება არის ევროკავშირის წევრი თითოეული ქვეყნის უფლება.
ნებისმიერ წევრ ქვეყანას უფლება აქვს დატოვოს ევროკავშირი, საკუთარი კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად, მაგრამ მან აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უნდა აცნობოს ევროპულ საბჭოს. ევროპული საბჭოს მიერ მიღებული სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით, ევროკავშირი აწარმოებს მოლაპარაკებებს და დებს შეთანხმებას ამ სახელმწიფოსთან, რომელიც განსაზღვრავს მის გასვლის ღონისძიებებს, ევროკავშირთან მისი მომავალი ურთიერთობის ჩარჩოს გათვალისწინებით. ეს ისეთივე რთული პროცესია, როგორც გაწევრიანება. თუ სახელმწიფო, რომელიც გამოვიდა კავშირიდან, ითხოვს ხელახლა გაწევრიანებას, მან ახლიდან უნდა გაიაროს გაწევრიანებისთვის დადგენილი პროცედურები. დღეის მონაცემებით გაერთიანებულმა სამეფო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც დატოვა ევროკავშირი.
- ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კიდევ ერთი რამ აქვთ საერთო - პასპორტები.
ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას აქვს შინდისფერი პასპორტი (შინდისფერი რეკომენდირებულია, მაგრამ არა სავალდებულო. ყველა ქვეყანა, გარდა ხორვატიისა, მიჰყვება ამ რეკომენდაციას. პასპორტის წინა ყდაზე ზევით წერია „ევროპის კავშირი“ ქვეყნის ოფიციალურ ენა(ებ)ზე (ზოგჯერ წერია თარგმანი ინგლისურ და ფრანგულ ენებზეც); შემდეგ მოდის იმ ქვეყნის სახელ(ებ)ი, რომლის მოქალაქეც არის ადამიანი; შემდეგ შესაბამისი სახელმწიფოს გერბი, შემდეგ სიტყვა "PASSPORT", ბიომეტრიულ სიმბოლოსთან ერთად, რომელიც განთავსებულია წინა გვერდის ქვედა ცენტრში.
აღნიშნული პასპორტით, ევროკავშირის მოქალაქეებს უფლება აქვთ ისარგებლონ თავისუფალი გადაადგილების უფლებით (რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ სჭირდებათ ვიზა, რაიმე თანხა ან მიზეზი თავისუფლად მოგზაურობისთვის) ევროპის ეკონომიკურ ზონაში .
- ევროკავშირმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მოიპოვა
2012 წელს, ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა, ევროკავშირს ნობელის პრემია მიანიჭა კონტინენტზე მშვიდობისა და შერიგების სფეროში შეტანილი წვლილისთვის. ევროკავშირმა და მისმა წინამორბედებმა ექვს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ევროპაში მშვიდობისა და შერიგების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში. ეს იყო მნიშვნელოვანი მიღწევა იმის გათვალისწინებით, რომ იგი თავდაპირველად სწორედ ამ მიზნით შეიქმნა, სხვათა შორის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ევროკავშირის გარდა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მიღებული აქვთ ბარაკ ობამას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ნელსონ მანდელას, დედა ტერეზას, ჯიმი კარტერს, ქიმიური იარაღის ამკრძალავ ორგანიზაციას (OPCW) და სხვებს.
- ევროპარლამენტი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი და პირდაპირი წესით არჩეული საერთაშორისო ორგანიზაცია
705 წევრისგან შემდგარ ევროკავშირის ამ ინსტიტუტს, რომელიც წარმოადგენს 440 მილიონზე მეტ მოქალაქეს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან, მსოფლიოში ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ შეედრება სიდიდით. იგი აერთიანებს 26 კომიტეტს, 7 პოლიტიკურ ჯგუფს და 45 დელეგაციას.
ევროპარლამენტის შექმნას საფუძველი ჩაეყარა 1952 წლის 10 აგვისტოს, როდესაც სტრასბურგში შედგა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის წარმოების გაერთიანების პირველი საპარლამენტო ასამბლეის სხდომა. 1979 წლიდან ევროპული პარლამენტის პირდაპირი არჩევნები იმართება. მისი პირველი პრეზიდენტი, ჯერ კიდევ 1979 წელს, იყო ქალი: Simone Veil. ევროპის პარლამენტს ირჩევენ 5 წელიწადში ერთხელ, ევროკავშირის მოქალაქეები.
- ევროკავშირს გააჩნია ევროპული სკოლების ქსელი
ევროკავშირში ფუნქციონირებს ევროპული სკოლები, რომელიც ხელმისაწვდომია მის ინსტიტუციებში დასაქმებული პერსონალისა და ევროკავშირის თითოეული მოქალაქისთვის, რომელთაც სურთ ისარგებლონ ევროპული განათლებით.
„ევროპული სკოლები“ არის მთავრობათშორისი ორგანიზაცია, რომელიც 1957 წელს დაარსდა ევროკავშირის ექვსი დამფუძნებელი სახელმწიფოს მიერ ბელგია, საფრანგეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები და გერმანია. ამჟამად ფუნქციონირებს 13 ოფიციალური ევროპული სკოლა, ევროკავშირის წევრ ექვს ქვეყანაში, რომელთა მართვას ახორციელებს მმართველობის საბჭო (საბჭო შედგება ევროკავშირის წევრი შესაბამისი სახელმწიფოების განათლების მინისტრებისგან).
2005 წლიდან ევროპულმა სკოლებმა შესთავაზეს აკრედიტაცია ეროვნული იურისდიქციის ქვეშ მყოფ სხვა სკოლებს, რათა შესთავაზონ თავიანთი სასწავლო გეგმა და ევროპული ბაკალავრიატი. 2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით, აკრედიტებულია ოცი სკოლა, რომელიც მდებარეობს ევროკავშირის ცამეტ ქვეყანაში, კიდევ ხუთი სკოლა ჩართულია აკრედიტაციის პროცესში.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ინიციატივით, 2017 წელს დაიწყო ევროპული სკოლის პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის, რომელთა შორის არის საქართველოც. პროგრამის ფარგლებში 2018 წელს თბილისში გაიხსნა აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლა.
- ევროკავშირი აახლოვებს ხალხს და ამარტივებს მათ ცხოვრებას
თუ თქვენ ევროკავშირის მოქალაქე ხართ, თქვენ გაქვთ ევროკავშირის ნებისმიერ ადგილას გადაადგილების, ცხოვრებისა და მუშაობის უფლება.
ერთ-ერთი უახლესი უპირატესობა, რომელიც ევროპელ მოქალაქეებს გააჩნიათ არის როუმინგი. პირები, რომლებიც მოგზაურობენ ევროკავშირში, შეუძლიათ ზარის განხორციელება, ტექსტური შეტყობინების გაგზავნა და კავშირის დამყარება თავიანთი მობილური მოწყობილობებით იმავე ფასად, როგორითაც ისინი სამშობლოში სარგებლობენ. როუმინგის გადასახადების გაუქმება ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატებაა.
ევროპის ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათი, რომელიც ევროკავშირი ყველა მოქალაქეს უფასოდ სთავაზობს, კიდევ ერთი შესანიშნავი გამოგონებაა. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა მოქალაქეს, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ევროპულ ქვეყანაში იმყოფებიან, შეუძლიათ მიიღონ საჭირო ჯანდაცვა, თუ ეს სჭირდებათ.