რატომ უნდა ვიყო მოხალისე, როცა ისედაც ბევრს ვმუშაობ?

კენწერო

08 ივნისი, 2021

რატომ უნდა ვიყო მოხალისე, როცა ისედაც ბევრს ვმუშაობ?

რატომ უნდა ვიყო მოხალისე, როცა ისედაც ბევრს ვმუშაობ?

ბევრი ჩვენგანი სუპერ დატვირთული ცხოვრებით ცხოვრობს, შესაბამისად, მოხალისეობის იდეა - ჩვენი დროისა და ენერგიის გაცემა ფინანსური ჯილდოს გარეშე, შესაძლოა, შეუძლებლად გვეჩვენებოდეს. მოხალისეობა საკუთარი სურვილით, მატერიალური დაინტერესების გარეშე განხორციელებული საქმიანობაა, რომელიც საზოგადოების სასიკეთოდ და სოციალური პრობლემების გადასაჭრელად არის მიმართული.

რა მახასიათებლები აქვს მოხალისეობას:

  • თავისუფალი ნება - მოხალისეობა არის პიროვნების კეთილი ნების გამოვლინება და მისი განუხორციელებლობა არ იწვევს იურიდიულ პასუხისმგებლობას;
  • სოციალური სარგებელიძირითადად მიმართულია არა თავად მოხალისის, არამედ სხვა პირის, ჯგუფის ან ზოგადად საზოგადოების სასარგებლოდ;
  • გაცნობიერებული აქტივობა  - პიროვნების პირადი პოზიციის გამოხატულება, რომელიც განპირობებულია ჰუმანური და მოხალისეობრივი იდეალების გათვიცნობიერების შედეგად;
  • მატერიალური დაინტერესების გარეშე;
  • სამოქალაქო აქტივობის ხელშეწყობა;
  • არამატერიალური სარგებლის მიღება.

და მაინც, რატომ მოხალისეობა? ბერძენმა ფილოსოფოსმა არისტოტელემ ერთხელ თქვა, რომ ცხოვრების არსი არის "სხვების მსახურება და სიკეთის კეთება". ხალხი იწყებს იმის გაცნობიერებას, თუ როგორ სხვების “მსახურება” და  ერთმანეთის დახმარება,  არა მხოლოდ სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც ეხმარება.

სინამდვილეში, მოხალისეობის სარგებელი დიდია თვითონ მოხალისისთვის - არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, პიროვნებისთვის ან ორგანიზაციისთვის, ვინც იღებს მათ დახმარებას.

რატომ უნდა ვიყო მოხალისე, როცა ისედაც ბევრს ვმუშაობ?

  • მოხალისეობა გაცნობს და გაკავშირებს ახალ ადამიანებს - თუ თავს მარტოხელა, იზოლირებულად გრძნობთ, ან უბრალოდ გინდათ გააფართოვოთ თქვენი სოციალური წრე, თქვენს ადგილობრივ საზოგადოებაში მოხალისეობა მნიშვნელოვანი და ხშირად სახალისო საშუალებაა ახალი ხალხთან შეხვედრისთვის. სინამდვილეში, ახალი მეგობრების შეძენისა და არსებული ურთიერთობების განმტკიცების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა საერთო საქმიანობის გარშემო ადამინების ერთობაა, ამის საშუალებას კი მოხალისეობა ნამდვილად იძლევა;
  • მოხალისეობა დადებითად მოქმედებს თავდაჯერებულობასა და თვითშეფასებაზე - სხვებისთვის და საზოგადოებისთვის სიკეთის გაკეთება ხელს უწყობს საკუთარი თავის რწმენის განმტკიცებას.  მოხალისედ მუშაობამ შეიძლება სიამაყისა და იდენტურობის განცდა მოგცეთ, რაც ხელს შეუწყობს თქვენი თავდაჯერებულობის კიდევ უფრო გაძლიერებას ბუნებრივი კომფორტის ზონიდან და გარემოდან გასვლით. მართლაც, მოხალისეობა დაგეხმარებათ უკეთ იგრძნოთ საკუთარი თავი, რაც შემდეგ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ თქვენს "რეგულარულ" რეჟიმს, იმედია შექმნით უფრო პოზიტიურ ხედვას საკუთარი ცხოვრების და სამომავლო მიზნების შესახებ;
  • მოხალისეობა მნიშვნელოვანია ფიზიკური ჯანმრთელობისთვის - საინტერესოა, რომ მოხალისეობას აქვს მკაფიო ჯანმრთელობის სარგებელი, რამაც შეიძლება გაზარდოს თქვენი გონებრივი და, ალბათ უფრო გასაკვირია, ფიზიკური ჯანმრთელობა. მართლაც, რიგი კვლევებით ვლინდება, რომ ადამიანები, რომლებიც სხვებისთვის სარგებლის მოტანას უთმობენ დროს, ნაკლებად აწუხებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • მენტალური ჯანმრთელობა  - მოხალისეობას შეუძლია სტრესის, დეპრესიისა და შფოთის შედეგების გადალახვაში დაეხმაროს ადამიანს. მართლაც, სხვებს დახმარების სოციალური კონტაქტის ასპექტმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს თქვენს მთლიან ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე;
  • მოხალისეობა დაგეხმარებათ დაივიწყოთ საკუთარი პრობლემები - მოხალისეობის კიდევ ერთი სარგებელი ის არის, რომ სხვებზე ფოკუსირება შესაძლოა დაგვეხმაროს უარყოფითი აზრებისგან დაცლასა და ყურადღების გატანაში.

მოხალისეობის ბენეფიტებზე ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ. აშკარაა, რომ მოხალისეობის სარგებელი დიდია - გაუმჯობესებული ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა, ახალი მეგობრები და მარტოობის თავიდან აცილება, მიზნის განცდა და უფრო ღრმა თავდაჯერებულობა. თავის მხრივ, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს თქვენი საერთო ბედნიერების ამაღლებას.

თუ მოხალისეობას აპირებთ, პირველ რიგში, დაფიქრდით  იმაზე, რა გაინტერესებთ ყველაზე მეტად . ეს საშუალებას მოგცემთ იმ საქმით დაკავდეთ, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.